logo
ENG



ლაიენი: ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია EU-ის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში

13 სექ 202313:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/i04bftrdd1bxtsb.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყოველწლიური გამოსვლის დროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია.

საქართველოზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში".

"მომავალი ნათელია. ჩვენ აქ ნათლად ვთქვით - უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია. მოლდოვას მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ისტორია ახლა ჩვენ მოგვიწოდებს, ვიმუშაოთ ჩვენი გაერთიანების სრულყოფაზე სამყაროში, სადაც ზოგი ცდილობს ერთმანეთის მიყოლებით გაანადგუროს სახელმწიფოები, ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ თავს უფლება, უკან მოვიტოვოთ ჩვენი თანამოძმე ევროპელები. სამყაროში, სადაც ზომას და წონას მნიშვნელობა აქვს, ჩვენი კავშირის სრულყოფა ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსა და უსაფრთხოების ინტერესებშია", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი - არა. კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.  

23 ივნისის კენჭისყრაზე ევროპულმა საბჭომ გაიზიარა კომისიის რეკომენდაციები, შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. 


close დახურვა