რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, არცერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ არის.
გოფოძის თქმითვე, რესპუბლიკური კლინიკიდან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა საერთო ჯამში 17-ია.
„ჩვენ კლინიკაში 62 პაციენტია, აქედან 44 არის კოვიდ-დადებითი. გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი. გუშინ წინდა გუშინ კლინიკა დატოვა 10-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. საერთო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 პაციენტია. ახალი ინფიცირებულებიდან გუშინ ერთი პაციენტი დაგვემატა. ამ პაციენტის ინფიცირების წყარო არ ვიცი იმიტომ, რომ ჩვენთან გადმოიყვანეს სხვა კლინიკიდან.
კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ჩვენთან აგრძელებენ მკურნალობას, არცერთი მათგანის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, საშუალო სიმძიმით შეიძლება შევაფასოთ რამდენიმე პაციენტი ვისაც დადგენილი პნევმონია აქვს. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია უტარდებათ მკურნალობა. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ გვყავს.
ჩვენი ცხელების ცენტრში ისევ შემოდიან პაციენტები, ხდება მათი გამოკვლევა და მათი გადამისამართება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
კარანტინის რეჟიმში 5025 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 540 პაციენტი.