გორში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან თარხნიშვილს და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ.
შემთხვევა სოფელ მეჯვრისხევში მოხდა. როგორც თარხნიშვილი ფორმულასთან საუბარში ყვება, თავდასხმისას ის ადგილობრივ მაცხოვრებლებს ესაუბრებოდა, მისი შტაბის წევრი კი ფოტოებს უღებდა კედელს, რომელზეც ევროპული საქართველოს პლაკატებს ზემოდან ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატები ქონდა გადაკრული. თარხნიშვილის თქმით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ:
"ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდა 6-7 ადამიანი, რომლებიც შეზარხოშებულები იყვნენ. იქვე არის კედელი, სადაც ევროპული საქართველოს პლაკატებზე გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები იყო გადაკრული. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დამკვირვებლები გვთხოვენ, რომ ასეთ დროს გადავიღოთ სურათი. გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეომ ეთერ ჯალაღონიამ მათი პლაკატის ხელით აწევა სცადა, რომ ქვემოთ ჩვენი გამოჩენილიყო და სურათი გადაეღო, რა დროსაც 6 მამაკაციდან ერთ-ერთმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ეთერს და შემდეგ ყელში სწვდა და სათვალე გაუტეხა. კადრები არსებობს, ჩვენ ვცდილობთ მათ ამოცნობას. იგივე ადგილზე 1 კვირის წინ ინციდენტი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასაც. შესაძლებელია, ეს ხალხი პროვოკაციისთვის მოგზავნილები იყვნენ," - ამბობს ლევან თარხნიშვილი.
ეს ინციდენტი წინასაარჩევნო პერიოდში გამონაკლისი არ არის. ყველაზე მასშტაბური ძალადობა 29 სექტემბერს მოხდა, როდესაც მარნეულში ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.
მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ისაქტივისტებს.
თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტებში მონაწილე 4 პირი.
მათგან 2 ქართული ოცნების წევრია და მარნეულში 29 სექტემბრის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ერთი მათგანი მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიორგი ჯალაღონიაა, მეორე - ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი შუბითიძე.
ასევე, შსს-ის განცხადებით, დაკავებულია ენმ-ის ორი აქტივისტი.
ერთი დაკავებული პარტიის ბოლნისელი აქტივისტი, არიფ იუსუფოვია, რომელსაც ბრალად ქართული ოცნების წევრის, გოგი მეშველიანის ძმისთვის ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის დაზიანება ედება. აღსანიშნავია, რომ თავად იუსუფოვი ინციდენტში მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
ასევე, დააკავეს ენმ-ის წევრი, ლაშა ქველაძე, რომელსაც ბრალად დაედო 29 ოქტომბერს, მარნეულის ინციდენტის დროს ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ბლაგვი საგნის ჩარტყმა.