ინფექციონისტები „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ კორონავირუსი ყველას ხვდება, ასაკის მიუხედავად. როგორც ერთ-ერთმა ინფექციონისტმა „ფორმულას“ განუცხადა, კორონავირუსი ბავშვებსაც ემართებათ.
„მითი იმის შესახებ, რომ ბავშვები არ ავადდებიან კორონავირუსით, დაავადების მიმდინარეობამ დაადასტურა, რომ არასწორია. შესაძლებელია დაავადდეს, ოღონდ უფრო მსუბუქად. ჩვენ გვყავს შვიდი პაციენტი ბავშვი და მხოლოდ ერთ შემთხვევაში განვითარდა პნევმონია. დანარჩენ შემთხვევაში პნევმონია არ ყოფილა, თუმცა სამი ბავშვი ისევ კვლევით ეტაპზეა“, - განაცხადა მან.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს.
„მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს. დღეს არსებულმა კაცობრიობამ 80% ან კლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე ან კრიტიკული ფორმით“, - განაცხადა რატიანმა.
კიდევ ერთი ინფექციონისტი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის კლასტერს ინფექცია ფულით არ გადასდებიათ.
„არამგონია ფული იყოს. ჩვენთანაც არიან და სხვა კლინიკებშიც ამ კლასტერის წარმომადგენლები. დადასტურებული ინფორმაციით ვერ გეტყვით. ფული არ იქნება, იქნება უფრო ადამიანი, რომელიც შევიდა ეროვნულ ბანკში და გადაედო სხვებს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 195 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.