ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მოახლოებული არჩევნები არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის.
"ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ხართ, ვინც გვისმენს, ვინც ჩვენთან ერთად ქუჩაში იდგა, ვინც იბრძოდა, ვინც იბრძვის, ყველას გვინდა ერთი რამ - ძლიერი საქართველო. ჩვენ გვინდა ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა, ეს ადგილი არის ევროპა. ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. გადამწყვეტი ბრძოლაა, იმიტომ, რომ ასეთ კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია", - განაცხადა ხაზარაძემ.
პრეზენტაციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტია ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ.
"ზუსტად სამი თვის წინ აქ, ამ მოედანზე, რიყეზე შეკრებილმა 300 000-მა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება, შეცვალეთ ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოოდ დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება, ახლა ვიყურებით გარშემო ძალიან ბევრი ტაძარია და ეს დავალება 100 წლის წინ გასცა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და მოგვეცეს ქართველებს საშუალება, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და დღეს ეს არჩევანი და მაშინაც იყო დასავლეთი და იყო ევროპა.
დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად და ეს ნაბიჯი არის გაერთიანება, ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს.
ჩვენ არავისზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის", - განაცხადა დოლიძემ.
პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახალ გაერთიანებას აქვს ამბიცია, იყვნენ ცვლილებებთან დაკავშირებით ხალხის მოთხოვნის მთავარი შემოქმედები.
"საქართველოში იწყება ახალი ეპოქა, ქართველი ხალხი მოითხოვს ცვლილებებს და გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები. აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ თავისი საქმე, არ ეშინიათ ბრძოლის და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ამაზე კარგ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ. იყავით ჩვენ გვერდით, ვიბრძოლოთ ერთად. არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს, არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა ცუცქირიძემ.