logo
ENG



ლელო: ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა

05 ივლ 202116:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/gxlkc67utf1ql7w.jpg

პარტია ლელო საქართველოსთვის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა.

პარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასაჯოს როგორც ძალადობის ორგანიზატორები და ასევე მასში მონაწილე პირები.

"სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები. ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა.

თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, თავისი საჯარო განცხადებით პირდაპირ წააქეზა ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.

ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს.

ხელისუფლებამ დღევანდელი პოზიციით უარი თქვა კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, ეს კი ნიშნავს ტიპიური რუსული მმართველობის მოდელის დანერგვას ქვეყანაში.

ამით ხელისუფლებამ ზურგი აქცია სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ ცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება.

შედეგად ვიხილეთ - არასამთავრობო ოფისების დარბევა, პარლამენტის წინ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები, შეშინებული მოქალაქეები და გაუქმებული მშვიდობიანი შეკრების უფლება! დღეს ქვეყანაში კონსტიტუცია აღარ მოქმედებს!", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა