logo
ENG



ლელო ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს

01 მარ 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/ztrxujdqsbo166d.jpg

პარტია ლელო საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა ამ დრომდე არ არის შემოტანილი. ​

"კოვაქსის პლატფორმამ გააკეთა საჯარო და ღია განცხადება იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. საპასუხოდ, ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც კი არ კადრულობს და არ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოოდ განმარტება და ეთქვა: "მე მივდივარ, იმიტომ რომ ვერ მოვაბი თავი". მაშინ როდესაც ეს მოხდა განაში, ავღანეთში, მთელ მსოფლიოში შედის ვაქცინა და ადამიანები იცრებიან, ვერ მოაბა თავი ერთი დოკუმენტის გამზადებას ისე კომპეტენტურად, რომ ვაქცინა მიეღო ქვეყანას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

მისივე თქმით, უნდა გასაჯაროვდეს ასევე ყველა დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან არის დაკავშირებული. 

"უნდა გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი და მიმოწერა, რაც წარმოებული იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მისაღებად და დავინახოთ, სხვა სისტემური ჩავარდნები სად გვაქვს, მინისტრთან ერთად ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 1 მარტს არც გვაქვს ვაქცინა და არც გარანტია გვაქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ვაქცინას მივიღებთ", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - უთხრეს მათ ინტერპრესნიუსს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კოვაქსის ინფორმაციით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

კოვაქსის განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. მან ვაქცინის შემოტანის გადადების მიზეზად Pfizer-ის დამატებითი მოთხოვნები დაასახელა და თქვა, რომ კოვაქსს ზემოხსენებული განცხადების განმარტება მოსთხოვეს.


close დახურვა