ლელო საქართველოსთვის "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონის მიღებამ, შესაძლოა, დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნებისგან დახმარების შეჩერება გამოიწვიოს, რასაც მოწმობს გაეროს და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების განცხადებები. დახმარების შეჩერება კი, პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
"უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების "აგენტებად" დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ანალოგია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და, ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას-ამის ნათელი დასტურია.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა, ხელისუფლების ვალდებულებაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან მის მიღებამდეც ცნობილია, რომ ის დააბრკოლებს ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.
ლელომ აქტიური მოქმედება დაიწყო აღნიშნული კანონპროექტის მიღების შეჩერების მიზნით. გრძელდება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვიწყებთ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის და ამ ინიციატივის შეჩერების მიზნით; ლელოს წარმომადგენლები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ მაქსიმალური დაბრკოლება შეუქმნან კანონპროექტის მიღებას.
ახლა საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურად გააქტიურების და გაერთიანების დროა. ქართულმა ოცნებამ ღიად გადაუხვია საქართველოს ევრო-ატლანტიკური არჩევანის გზიდან, რისთვისაც უახლოეს არჩევნებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს", - წერია ლელოს განცხადებაში.
დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რუსული კანონის მეორე ვარიანტი დარეგისტრირდა და განსახილველად წამყვან კომიტეტებს გადაეცა. ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.
ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.
კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალამ" დააინიცირა ე.წ. ამერიკული ვარიანტი, რომელიც მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან.