ლიეტუვის სეიმი არ ცნობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ Twitter-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი წერს.
"დღეს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არ აღიარებს ალექსანდრე ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მოითხოვს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და სანქციების დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და გაუგონარ სისასტიკეზე არიან პასუხისმგებელნი", - წერს ლინკევიჩიუსი.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ევროკავშირი და ბრიტანეთიც. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
"საშინელებაა. საზარელი სიტუაციაა ბელარუსში. დიდი ყურადღებით დავაკვირდებით", - თქვა დონალდ ტრამპმა.
შაბათს, 15 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ შტატები ბელარუსში შექმნილ ვითარებას ევროკავშირთან ერთად განიხილავს. მისი თქმით, მიზანი "სუვერენიტეტისა და თავისუფლების მიღწევაში ბელარუსი ხალხის დახმარებაა".
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.
ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.