logo
ENG



ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი ევროკომისიის რეკომენდაციების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

07 დეკ 202317:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/07/t5medsj1d4p9o1s.jpg

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნას და მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. კომიტეტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიესალმებიან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მოთხოვნების შესრულების აუცილებელ დონეს მიაღწევს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რეგიონში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებს გადამწყვეტ როლი აქვთ.

"ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ინტეგრაცია ხელს შეუწყობს პოტენციური ახალი გეოპოლიტიკური განხეთქილების თავიდან აცილებას", - აღნიშნავს კომიტეტი.

გარდა ამისა, სეიმში მიაჩნიათ, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ერთიან პაკეტში, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესი თანმიმდევრული იქნას უზრუნველყოფილი, ცალკეულ ქვეყნებზე გადაწყვეტილებების შესაძლო ბლოკირების თავიდან აცილების მიზნით.

"[კომიტეტი] მოუწოდებს სხვა წევრ-სახელმწიფოებს, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოსა და ევროპული საბჭოს სხდომებზე მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომიტეტი მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოს, სასწრაფოდ შეიმუშაოს და დაამტკიცოს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო, ამასთან, ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.


close დახურვა