logo
ENG



ლომჯარია: იმედი მაქვს, ბიზნესი თუ კერძო პირები, ვიდეომასალებს გადასცემენ დაზარალებულსაც

05 ივლ 202318:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/084klz1barj95z2.jpg

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ბიზნესმა თუ კერძო პირებმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის კადრები დაზარალებულს გადასცენ.

"მიშა მშვილდაძეს, როგორც ვიცი, აქვს დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს წვდომა გამოძიებაში არსებულ მასალებზე და შესაბამისად, გამოძიება ვალდებულია, რომ მიაწოდოს, არსებობს თუ არა ესა თუ ის მტკიცებულება ამოღებული. ასევე, ვფიქრობ, რომ უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის პოზიციებიც, თუკი არსებობს იმ პერიმეტრზე დამატებითი სხვა ვიდეო მტკიცებულებები, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა იყოს დროულად ამოღებული.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კერძო პირების თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობა გამოძიებასთან და დაზარალებულ მხარესთანაც, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ეს არ არის ერთ მოქალაქეზე პირადი ანგარიშსწორება, ეს შემთხვევა იყო ამ ქვეყანაში აზრისა და გამოხატვის გამო, ჟურნალისტის დევნის, ფიზიკური ანგარიშსწორების. მე იმედი მაქვს, რომ კორპორაციები იქნება ეს, ბიზნესი, თუ კერძო პირები, გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ვიდეო სათვალთვალო მასალებს გადასცემენ დაზარალებულსაც და გამოძიებასაც", - განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს ბანკი "კანონის ფარგლებში" ფორმულასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ განჩინების წარდგენის შემთხვევაში ფორმულას "სრულად გადასცემს ავთენტურ ვიდეო მასალას". 

საქართველოს ბანკი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლის, სასამართლო განჩინების ან/და პროკურატურის დადგენილების გარეშე, ვიდეოჩანაწერის გაზიარებით "შესაძლოა, დაირღვეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავების წესი და კონფიდენციალურობა".

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა  ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა