სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში მთავრობისა და საპატრიარქოს მორიგ გადაწყვეტილბას გამოეხმაურა. იმის გათვალისწინებით, რომ გამკაცრებული შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება, ლომჯარიამ აღნიშნული ქრისტეს ჯვარცმას შეადარა, სადაც მსხვერპლი დაუცველი ადამიანები არიან.
"სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან... არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა",-წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.
მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 79 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.