საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესია არ დაიკეტება.
ჯაღმაიძის განცხადებით, მთავრობამ და ეკლესიამ დიდი ხნის კონსულტაციების შემდეგ შეძლეს პოზიციების შეჯერება.
„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო და მთელი მსოფლიო სიტუაციის მიხედვით მოქმედებს. მთავარი საკითხი რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით უკავშირდებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მსახურება.
ბევრი პოზიციების შეჯერება გახდა საჭირო, სახელმწიფოსთან გვქონდა არაერთი კონსულტაცია. საბოლოო ჯამში, მივიღეთ აუცილებელი საკამრისი პირობები, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად. გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული.
გადავწყვიტეთ, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ, ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. მრევლს შეეძლება სრულყოფილი მონაწილეობა ლიტურგიაში.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა შეზღუდვებიც. შეეხება ეს ყველა რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანს. ამ ადამიანებს ეკლესია რეკომენდაციას, რომ როგორც დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციაშია მოცემული, ზედმიწევნით გაითვალისწინოთ ეს. ვისაც ასეთი ადამიანი ჰყავს სახლში, ეს იქნება ქრონიკული დაავადების მქონე თუ ხანდაზმული ადამიანი. უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადება არის საშიში. უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც. იმედი გვაქვს, როგორც მრევლის მხრიდან სოციალურ დისტანცირებაზე წინა რეკომენდაციების გათვალისწინება ხდებოდა, ასევე გაგრძელდება. საუბარია დიდ ტაძრებზე. ორმეტრიან დისტანციაზეა საუბარი. პატარა ტაძრებში მრევლი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ იყოს ეზოში. კანონის დაცვით უნდა მოვახერხოთ მსახურებაზე დასწრება და ვიზეიმოთ დღესასწაული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
ამავდროულად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედებულია ბოლნისსა და მარნეულშიც.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით სასულიერო პირიცაა დაინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, თბილისში, ვერაზე მდებარე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მსახურია. ის წირვას, სავარაუდოდ, ბზობის დღესასწაულზეც აღასრულებდა.