სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ISFED-ის PVT შედეგებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და იმედს გამოთქვამს, რომ "ორგანიზაციის წარმომადგენლები არსებულ კითხვებს პასუხს გასცემენ".
როგორც ლომჯარია Facebook-ზე წერს, ორგანიზაცია დიდი ნდობით სარგებლობს და სწორედ ეს გახსნა იმ იმედგაცრუების მიზეზი, რომელიც ბოლო განცხადებამ გამოიწვია.
აღნიშნულ კონტექსტში, ომბუდსმენი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ შემაჯამებელ ოქმებში მნიშვნელოვანი დისბალანსი დაფიქსირდა.
"ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;
არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო", - წერს ლომჯარია.
ის ISFED-ის მიერ "შეცდომის აღიარებას" დადებითად აფასებს.
"სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ISFED-ი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა;
და ბოლოს, მინდა მივმართო ISFED-ის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება", - ამბობს ნინო ლომჯარია.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, დღეს ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ.