logo
ENG



ლომჯარია ბაჩალიაშვილზე: პროკურატურაში ამბობენ, რომ FBI საქმეში ჩასართავად მზად არაა

03 სექ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ FBI ამ ეტაპზე გამოძიებაში ჩართვისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, პირველი შთაბეჭდილებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და დიდი რაოდენობით მასალაა მოპოვებული.

"როგორც FBI-სთან თანამშრომლობაზე განგვიცხადეს, იყო წინასწარი კონტაქტი ატაშესთან, თუმცა, როგორც აცხადებენ, FBI-ის განცხადებით, ეს მათი კომპეტენცია არ არის. პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ FBI-ის ამ ეტაპზე გამოძიებაში ჩართვის მზაობა არ აქვს. დოკუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა. როგორც ვიცი, სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართული აქვთ Facebook-ისთვის, Google-ისთვის და სხვადასხვა კომპანიებისთვის და ამ ნაწილში წარმატებით თანამშრომლობენ", - აცხადებს ომბუდსმენი. 

ლომჯარიას თქმით, მთავარი თხოვნა ბაჩალიაშვილის საქმეზე ოჯახს ჰქონდა, თუ რამდენად იყო შესაძლებელი სატელიტის სურათები მოპოვება.

"ეს საკითხი დავაყენე და გენერალურ პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები, რომ მოპოვებულ იყოს სატელიტის სურათები. ამ მიმართულებით გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები", - განაცხადა ომბუდსმენმა.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ოჯახი ითხოვს. გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქართულ საგამოძიებო ორგანოებს FBI-ის ჩართვა არ უნდა, რადგან საქმეში "მათი ხელი ურევია". 

მისივე განცხადებით, თუ FBI ჩამოვა და დაუდებს დასკვნას, რომ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დაიჯერებს.


close დახურვა