logo
ENG



ლომჯარია გამყრელიძეს და იმნაძეს: გამოდით ყოველდღე და აუხსენით მოქალაქეებს საშიშროება

14 აპრ 202020:58
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს მოუწოდებს, მოქალაქეებს კოორნავირუსთან დაკავშირებით არსებული მომავალი საშიშროება აუხსნან.

სწორედ ამ ორ პიროვნებას აკისრებს პასუხისმგებლობას ნინო ლომჯარია, რადგან მისი განცხადებით, მთავრობამ და ეკლესიამ მოქალაქეები მათი შეგნების იმედად დატოვა.

„მოკლედ, კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს, ერმაც (მთავრობამ) და ბერმაც (ეკლესიამ) გვითხრა, რომ თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო.

ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა! ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი - სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე მოქალაქეთა ერთად ყოფნა!

მუდმივად, დღეში რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეორეთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!

გამოდით ბატონებო, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე და გაუმეორეთ ყოველდღე ეს ჩვენ მოქალაქეებს, აუხსენით ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ 2 კვირაში, დამიჯერეთ, დაგიჯერებთ თქვენ ხალხი და არავინ გაგკიცხავთ, თქვენ ხომ არც არჩევნების წაგების ან გავლენის დაკარგვის შიში არ გაქვთ. დღეს ეს თქვენი ვალი და პასუხისმგებლობაა!“, - წერს ლომჯარია.


close დახურვა