logo
ENG



ლომჯარია თამთა თოდაძეზე:სახეზეა დაგვიანებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები

24 ოქტ 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
w1v65y5ssjm03a7.jpg

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებდა, ამიტომ თამთა თოდაძის საქმე ცოტა უჩვეულოა. ამის შესახებ მან პროკურატურის მხრიდან, თამთა თოდაძის საქმის მასალების გადაცემაზე მიღებული უარის შეფასებისას განაცხადა.

„არის მაღალი საზოგადობრივი ინტერესი, რადგან საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური თანამდებობის პირი და გარდა ამისა, დანაშაული არის ქალის წინააღმდეგ მიმართული, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ვთვლი, რომ სახეზე გვაქვს დაგვიანებით ჩატარებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რაც უჩვეულოა, რადგან ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებდნენ. ეს ნამდვილად იყო პროგრესი ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირველადი საგამომძიებლო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, პროკურატურა მოგვცემს თუ არა მასალებს, ჩვენ ვეცდებით მასალა ადვოკატისგან და კვლავ პროკურატურისგან მოვიპოვოთ,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველს თამთა თოდაძის საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე უარი უთხრა.

თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ფიქრობს, რომ პროკურატურა შეგნებულად ეუბნება უარს სახალხო დამცველს საქმის მასალების გაცნობასა და გადაცემაზე, რადგან სახალხო დამცველი აუცილებლად დაწერს შენიშვნებს და რეკომენდაციებს იმ დარღვევებზე, რომლებიც საგამომძიებლო მოქმედებების დროს დაფიქსირდა.

ცნობისთვის, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ჯიშკარიანი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი თავად თოდაძის მოწყობილია.

 

 


close დახურვა