logo
ENG



ლომჯარია კობახიძის კანონპროექტზე: ეს არღვევს კანონით დადგენილ უფლებრივ გარანტიებს

24 დეკ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/ila51wp181z5vbi.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მანდატებზე უარის თქმისა და ბოიკოტის შემთხვევაში პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და მათთვის წინასაარჩევნოდ დადგენილი უფასო საეთერო დროის შეზღუდვას ითვალისწინებს, აცდენილია ამ საკითხზე არსებული კანონმდებლობის მიზნებს და "მთელ რიგ უფლებრივ გარანტიებთან მოდის წინააღმდეგობაში". 

სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღნიშნავს,. რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონი, რომლის ცვლილებასაც ითვალისწინებს კობახიძის ინიციატივა, პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არსებობს. ლომჯარია ამბობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში პარლამენტს მიღმა აქტივობებიც მოიზარება

"კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების უშუალო მიზანი არ არის პარტიების საპარლამენტო საქმიანობის მხარდაჭერა", - განმარტავს სახალხო დამცველი და ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობისთვის აუცილებელი ხარჯები პარლამენტის ბიუჯეტით არის გაწერილი და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა სწორედ დაფინანსების ამ ნაწილზე უარის თქმას ნიშნავს (ხელფასები, ფრაქციებისათვის გამოყოფილი თანხები და სხვა). სწორედ ამიტომ, ლომჯარია მიიჩნევს, რომ კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი თავად არსებული კანონის მიზნებსაა აცდენილი. 

ამას გარდა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების საკუთრების უფლებასაც ზღუდავს. 

"მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა - მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო", - ამბობს ლომჯარია და განმარტავს, რომ ინიცირებული კანონპროექტი პოიტიკური პარტიებისთვის უკვე დამდგარი მოთხოვნის გაუქმებას ისახავს მიზნად, რაც საკუთრების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. 

ლომჯარია მნიშნვნელოვნად მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსებასთან, თუ უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებული რეგულაციები, პარტიებს შორის იყოს შეთანხმებული. სწორედ ამას ითვალისწინებს, მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ეუტო/ოდირის რეკომენდაციებიც. 

ამ პოზიციას 2017 წელს კანონპროექტის ავტორიც იზიარებდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის ახალწვეული დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ კანონი მხოლოდ "ფართო კონსესუსის საფუძველზე" უნდა გადაისინჯოს. 

ლომჯარიამ განცხადებაში არგუმენტად ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2008 წლის პოზიციაც გაიხსენა. სუბარი 2008 წელს ამბობდა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა.

"აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია", - ამბობს ლომჯარია. 

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს წარმოდგენილი ცვლილებები, რადგან "ის არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს".

ქართული ოცნების პარლამენტმა კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. 

საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების გარდა ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკაც მოჰყვა.

დეგნანმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოპოზიციის შეზღუდვას ისახავს მიზნად. 

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების და მწვავე კრიტიკის შემდეგ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მმართველი გუნდი, ცვლილებების საბოლოოდ მიღებამდე, ვენეციის კომისიასა და ოდირს რეკომენდაციებისთვის მიმართავს. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება მმართველ გუნდში იმ მიზნით მიიღეს, რომ ოპონენტებს კრიტიკის საფუძველი აღარ დაუტოვონ. 

თავად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი ხელისუფლების გადაწყვეტილება უკან დახევად შეაფასეს. 

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძე 2008 წელს სამართლის სტუდენტებისთვის გამოცემულ თავისივე სახელმძღვანელოში ბოიკოტის საფუძველზე პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევდა

უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტის განხილვა იანვრის ბოლოს განალხდება, მას შემდეგ, რაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია (ვენეციის კომისია/ოდირი) თავის დასკვნასა და რეკომენდაციებს შესთავაზებს ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს. 


close დახურვა