გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე ამბობს, რომ საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება მიუღებელია.
"ჩვენთვის მიუღებელი და დამცივანია ის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, იმის მაგივრად, რომ ბრალი დამძიმებოდა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით, ასე უცებ ციხიდან გამოუშვეს", - უთხრა მან ფორმულას.
ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ფორმულას უთხრა, ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მან საპატიმრო გუშინ დატოვა.
გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა. ის რამდენიმე დღე კომაში იყო, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა - მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც "მწვანე სკოლის" კედლებზე წარწერები გააკეთა.
გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, როგორც საიამ და თავად ლუკა სირაძის დედამ თქვა, მოზარდი დაახლოებით 20 წუთით გამომძიებლებთან ოთახში მარტო დარჩა. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.
17 დეკემბერს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 15 ივლისს, ფორმულას ეთერში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ თქვა, რომ დაკითხვის დროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბავშვს "კისრის მოგრეხით" ემუქრებოდა. ასევე, მისი თქმით, განყოფილებაში მყოფი სხვა პირებისგან გინება ისმოდა. ელიკო ჩხიტუნიძის და საიას მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას, ჩოლოიანის გარდა, კიდევ 3 პოლიციელი ახდენდა. 7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით. მარიანა ჩოლოიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდება 2011 წელსაც არსებობდა. მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. კერძოდ, საქმე 2011 წლის 26 მაისს ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს ნიკოლოზ გოგუაძის საქმეს ეხება. მარიანა ჩოლოიანმა დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძის მიმართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იძალადა.