პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, "ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები გადიან წვრთნებს, როგორც ერთიანი ჯარი". ეს განცხადება ლუკაშენკომ მინსკში ჩასულ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან საუბარში გააკეთა.
"ჩვენ ამას სერიოზულად მივუდექით: ჩვენი და თქვენი ოფიცრებიც ამზადებენ ბელორუს ბიჭებსაც და რუსებსაც, რათა საჭიროების შემთხვევაში დადგნენ წინა რიგებში, რათა დაიცვან ჩვენი "საკავშირო სახელმწიფო" და ნებისმიერი აგრესიის მოგერიება შეძლონ. ჩვენ, როგორც ერთი ჯგუფი, ერთი ჯარი, დღეს ვემზადებით, ამის შესახებ ყველამ იცის, არ დავმალავთ, რაკი შევთანხმდით რუსეთის პრეზიდენტთან... ჩვენ ვასრულებთ ჩვენს გეგმებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ის "არავის შეშინებას აპირებს" და "მითუმეტეს ეს გეგმაში არც რუსეთს აქვს".
"ყველას ისედაც ძალიან ეშინია. მაგრამ თუ მათ სურთ, რომ მშვიდად ვიცხოვროთ ჩვენს რეგიონში, ისე რომ არ შევხედოთ, როგორ უყურებენ ამას ოკეანის გაღმა, რუსეთიც და ბელორუსიც ამისთვის მზად არიან", - თქვა მან შოიგუსთან საუბარში.
მან რუსული პროპაგანდისტული რიტორიკაც განავითარა, რომ თითქოს "ომი უკრაინაში მხოლოდ დასავლეთს სურს".