ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინას "სლავურ წიაღში" აუცილებლად დააბრუნებენ. ეს განცხადება ლუკაშენკომ პარლამენტისა და ბელარუსი ხალხის წინაშე წარდგენისას გააკეთა.
"დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია სისხლში ჩაახრჩოს რუსულ-უკრაინული ძმობა, ჩვენი სლავური ძმობა. მაგრამ ჩვენ, მონათესავე სლავური ერები ვართ, რომლებიც ერთი ნათლობის ემბაზიდან მოვდივართ. ჩვენი ფესვები საუკუნეების წიაღებიდან მოდის და ეს უნდა შევინარჩუნოთ, რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს. რადგან ძმობა უფრო დიდი რამ არის, ვიდრე გამოგონილი წყენები და პოლიტიკური ამბიციები. ჩვენი განუწყვეტელი კავშირები - საერთო უსაფრთხოებისა და გადარჩენის საფუძველია. და ვიღაცებს, რომც არ უნდოდეთ, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს უკრაინას სლავურ წიაღში. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მანამდე, ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში ბელარუსი ომში ჩაებმება.
***
რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს.
რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს.
გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს.