ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა სტრასბურგის პლენარულ სესიაზე ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია მისცა.
მან რუსეთის ომის გავლენის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის პროექტი წარადგინა და ასევე, ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად უკრაინისთვის შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა დაასახელა.
"ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას უკრაინისთვის იარაღისა და ყველანაირი აღჭურვილობის მიწოდების შესახებ ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად. ასევე, ვიძლევით რეკომენდაციას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ როგორც უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ მკაფიო პოლიტიკური სოლიდარობის სიგნალი. უნდა მოხდეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა, რათა სიღრმისეულად შეფასდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე და ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის გაძლიერებაზე"- ამბობს მაკალისტერი.
8 აპრილს უკრაინაში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა.
რამდენიმე დღეში კითხვარი მიიღეს საქართველომ და მოლდოვამაც. კანდიდატის სტატუსზე პასუხი ივნისში იქნება.