logo
ENG



მალიარი: უკრაინელი მებრძოლები სოლედარში მამაცურად ცდილობენ, შეინარჩუნონ თავდაცვა

13 იან 202311:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/13/gyb1ede9ikv7lgx.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ სოლედარში ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ინტენსიური შეტევები არ წყდებოდა.

მალიარის თქმით, რუსეთმა სოლედარის მიმართულებით ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზება მოახდინა, უკრაინის მცველები კი მამაცად ინარჩუნებდნენ თავდაცვის ხაზს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს ომის რთული ფაზაა, თუმცა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„სოლედარში ცხელი ღამე იყო, ბრძოლები გაგრძელდა. მტერმა თითქმის მთელი ძირითადი ძალები დონეცკის მიმართულებით გადაისროლა და აგრძელებს მაღალი ინტენსივობით შეტევას. ჩვენი მებრძოლები მამაცურად ცდილობენ, შეინარჩუნონ თავდაცვა. ეს ომის რთული ფაზაა, მაგრამ ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, ეჭვგარეშეა“ - წერს ანა მალიარი.

9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა  სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მათი თქმით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.

11 იანვარს, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, განაცხადა მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდლობის პრესატაშემ, სერხი ჩერევატიმ კი რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარს ოკუპანტები არ აკონტროლებენ.

11 იანვარს საღამოს CNN-მა უკრაინაში, სოლედარის სიახლოვეს მყოფ გადამღებ ჯგუფზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში იბრძვიან და მათი უკან დახევის ნიშნები არ იყო.

ასევე 11 იანვარს ღამით რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე სრული კონტროლი დაამყარა.

12 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიდის.

მისი თქმით, ქალაქის მისადგომები ფაქტობრივად სავსეა პუტინის მიერ მოკლული სამხედროების ცხედრებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები მაქსიმალურ გამძლეობას და გმირობას აჩვენებენ.

12 იანვარს კომპანია Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.

კომპანიამ ნგრევის მასშტაბის შესადარებლად, ორი ფოტო გამოაქვეყნა, პირველი 2022 წლის 1-ელ აგვისტოსაა გადაღებული, მეორე კი - 2023 წლის 10 იანვარს, სადაც ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლები განადგურებულია.


close დახურვა