logo
ENG



მანჯგალაძე ფარცხალაძეზე: აშშ-მა ოცნებას შემოუთვალა, ვიცით რას წარმოადგენთ - დააყენეთო

15 სექ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 
მანჯგალაძე ფარცხალაძეზე: აშშ-მა ოცნებას შემოუთვალა, ვიცით რას წარმოადგენთ - დააყენეთო
ვახო ქარელი/ფორმულა

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ქვეყანაში არსებულ რუსულ ჯაშუშურ ქსელზე.

მანჯგალაძე ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ მიუთითებს.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართული ოცნების ყოფილი პროკურორის, ფარცხალაძის და მისი რუსი კურატორის სანქცირება არის მკაფიო გზავნილი ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ პარტნიორებისთვის ცნობილია ქართული ოცნების ხელისუფლების პირდაპირი კონტაქტი რუსეთთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მაღალი რწმუნებულებით პირდაპირ არის მითითებული, რომ ფარცხალაძე ფსბ-ს მოქმედი ჯაშუშია, რომელიც ცდილობდა საქართველოში გავლენა მოეხდინა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რასაც ერთი ადამიანი ვერ განახორციელებდა, ეს მიუთითებს რომ ნამდვილად არსებობს რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც იწყება ძალოვანი უწყებებით და სრულდება ქართული ოცნების ხელისუფლებით. ამაზე მიუთითებს ქვეყანაში ჩავარდნილი კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ამაზე მიუთითებს ჩავარდნილი ოპერატიული საქმიანობა, ამაზე მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა რგოლის ჩამოშლა.

მოკლედ, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ქართული ოცნებისთვის და კალაძისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ხელისუფლებას შემოუთვალეს, ვიცით რასაც წარმოადგენთ, ვიცით ვისაც ემსახურებით და თუ მართლა გაქვთ ერთი ადგილი, დააყენეთო. მივმართავ ქართულ ოცნებას, მესმის, რომ საკუთარ თავებს ვერ გამოავლენთ და ვერ დასჯით, მაგრამ ფორმალურად მაინც დაიწყეთ გამოძიება", - თქვა მანჯგალაძემ.

***

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 


close დახურვა