logo
ENG



მარგველაშვილი და მსოფლიოს 150-ზე მეტი ლიდერი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს

06 თებ 202322:25
3 წუთის საკითხავი
 
მარგველაშვილი და მსოფლიოს 150-ზე მეტი ლიდერი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს

სხვადასხვა სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტები და თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ქართული ოცნებისთვის პასუხისმგებლობისთვის დაკისრებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით პეტიცია მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოამზადა და მას 150-ზე მეტი მსოფლიო პოლიტიკოსი აწერს ხელს. 

როგორც საერთაშორისო ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი, თუ სააკაშვილი საქართველოს ციხეში მოკვდება, პასუხსიმგებლობა მომხდარზე მოქმედ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას დაეკისრება, ხოლო შედეგები ქვეყნისთვის საზიანო იქნება.  

"ძალიან შეშფოთებული ვართ იმის დანახვით, თუ როგორ უარესდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რომელიც საქართველოს 2004-2013 წლებში მართავდა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და საქართველოს ციხეში მძიმე მეტალებით შესაძლო მოწამვლის შედეგად. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოსა და ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები ცალსახად ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოში ვერ შენარჩუნდება და პროცესი მისი არაადამიანური სიკვდილით დასრულდება.

ჩვენ ვნახეთ არაერთი სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გახდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის არასწორად გამოყენების მსხვერპლი. თუმცა, ჩვენ აქ არ ვდავობთ, არის თუ არა კანონიერად დაპატიმრებული ბატონი სააკაშვილი. როგორიც არ უნდა იყოს ფონი, ის სიკვდილის პირას არის და ერთი რამ ვიცით დანამდვილებით - სიკვდილით დასჯა და პაციენტის არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია ევროპული კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით.

თუ რამე დაემართება პრეზიდენტ სააკაშვილს, პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე, ღირსებასა და სიცოცხლეზე მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დაეკისრება. პრეზიდენტ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობით საქართველოს ციხიში გარდაცვალება უკიდურესად საზიანო იქნება ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკისთის და საქართველო არსებულ პოლარიზაციას გააღრმავებს. ასეთ ფატალურ შედეგს ვერ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ და პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში სიკვდილის უფლება მივცეთ. პრეზიდენტი სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ", - წერია მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ვაირა ვიკე ფრეიბერგა - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი 1999-2007
  • ჰიკმეტ ჩეტინი - თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე 1997-1999; საგარეო საქმეთა მინისტრი 1991-1994
  • მარია ფერნანდა ესპინოზა - გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე პრეზიდენტი
  • იან ფიშერი - ჩეხეთის პრემიერმინისტრი 2009-2010
  • ვალტერ ფიუსტი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი 1993-2008
  • კირილ გაბურიჩი - მომლდოვის პრემიერმინისტრი 2015
  • მლადენ ივანიკი - ბოსნია-ჰერცეგოვინას პრეზიდენტი 2014-2018
  • ტოომას ჰედრიკ ილვესი - ესტონეთის პრეზიდენტი 2006-2016
  • ივო იოსიპოვიჩი - ხორვატიის პრეზიდენტი 2010-2015
  • იადრანკა კოსორ - ხორვატიის პრემიერმინისტრი 2009-2012
  • ალექსანდრ კვასნიევსკი - პოლონეთის პრეზიდენტი 1995-2005
  • ივ ლეტერმი - ბელგიის პრემიერმინისტრი 2008, 2009-2011
  • ზლატკო ლაგუმჯია - ბოსნია-ჰერცეგოვინას პრემიერმინისტრი 2001-2002
  • იგორ ლუკსიცი - მონტენეგროს პრემიერმინისტრი 2010-2012
  • გიული ალასანია - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა
  • როსენ პლევნელიევი - ბულგარეთის პრეზიდენტი 2012-2017
  • პეტრ რომანი - რუმინეთის პრემიერმინისტრი 1989-1991, პარლამენტის თავმჯდომარე 1996-1999
  • ლაიმოდა სტრაიუმა - ლატვიის პრემიერმინისტრი 2014-2016
  • პეტარ სტოიანოვი - ბულგარეთის პრეზიდენტი 1997-2002
  • ისმაილ სერაგელდინი - მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტი 1992-2000
  • ჰედვა სერი - UNESCO-ს კეთილი ნების ელჩი
  • ბორის ტადიჩი - სერბეთის პრეზიდენტი 2004-2012
  • ეკა ტყეშეკლაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2010-2012
  • ფილიპ ვუიანოვიჩი - მონტენეგროს პრეზიდენტი 2003-2018
  • რაიმონდ ვეიონისი - ლატვიის პრეზიდენტი 2015-2019
  • კატერინა იუშჩენკო - უკრაინის პირველი ლედი 2005-2010
  • ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტი 2005-2010, უკრაინის პრემიერმინისტრი 1999-2001
  • ვალდის ზატლერსი - ლატვიის პრეზიდენტი 2007-2011
  • როვშან მურადოვი - ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის გენერალური მდივანი

***

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ჩამოშლილია და ის 68 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

პირველ თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".


close დახურვა