„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე.
„საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული.
ცხადია, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, თუმცა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება - გამოძიების მიმდინარეობა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დრო, კონტექსტი და სხვა მოვლენათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეთანხმებულად მოქმედებს და იგი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენება. კერძოდ:
· ოპოზიციური პარტიების ლიდერების ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ანდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ მათი ოპონირების გააქტიურებას ემთხვევა;
· ხშირ შემთხვევებში, საქმეებს სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან დაახლოებული მოსამართლეები განიხილავენ;
· ხშირია შემთხვევები, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა ანდა სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიების უგულებელყოფით.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მდგომარეობით 9 პირი გამოიკვეთა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დამფუძნებლები არიან და რომელთა მიმართაც გამოძიებაა დაწყებული, ბრალი აქვთ წარდგენილი ან გამამტყუნებელი განაჩენი არის დამდგარი. პოლიტიკოსებიდან ორი - პარტია „ევროპული საქართველოს”, ერთი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია. აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების” შემდეგ სწორედ ამ პარტიებს აქვთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა. რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო”, რომლის ორ დამფუძნებელსაც ბრალდება აქვს წარდგენილი, ის პოლიტიკურ სივრცეში ახალია, დიდი რესურსებითა და მხარდაჭერის მოზიდვის პოტენციალით“, - აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.