ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს. აქედან, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისი განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, ისინი საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ.
„5 ახალი პაციენტი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ამ 5 პაციენტიდან ინფექციურ კლინიკაში არცერთი არ არის შემოყვანილი. ჩვენთან 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ჩვენ არ გვყავს. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მისი მდგომარეობა სტაბილურია მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს, ძირითადი პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 383-მდეა გაზრდილი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394 ადამიანია, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 4246 მოქალაქე იმყოფება. 11 ადამიანი გარდაიცვალა.