მარნეულელი ფერმერების პროტესტს იწვევს ის ფასები, რომელიც მათ მიერ მოყვანილ პროდუქციას რეალიზატორმა კომპანიამ დაადო. პროდუქტს საკარანტინო ზონად ქცეულ მარნეულში კომპანია „ჯიბე“ ყიდულობს და მსხვილ ობიექტებში აბარებს. ფერმერები ჩივიან რომ კონკურენციის არარსებობის გამო მათ პროდუქტს კომპანია მიზერულ თანხად იბარებს.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ლევან დავითაძე. შესაძლო მონოპოლიის ფაქტს კი ოპოზიციის სპეკულაციად აფასებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. მინისტრი ირწმუნება რომ მთავრობისთვის დღეს საინტერესო არაა ვინ დგას კომპანიის მიღმა და მათთვის მთავარია ფერმერებს ხილი და ბოსტნეული არ გაუფუჭდეთ. ლევან დავითაშვილი ირწმუნება რომ კომპანია ჯიბეს გარდა მარნეულიდან პროდუქცია სხვა კომპანიებსაც გამოაქვთ, თუმცა რომლებს, არ დაუკონკრეტებია.
კომპანია „ჯიბეს“ მისამართით კითხვის ნიშნები აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს ბაზარზე მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ იბარებს კომპანია ჩაკეტილი რეგიონიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციას ექსკლუზიურად. კომპანია „ჯიბეს“ მეწილეთა ვინაობა კი აჩენს ეჭვს რომ მათ უკან ივანიშვილის ოჯახი დგას.
ოპოზიციის შიშებს სამოქალაქო სექტორშიც იზიარებენ. ის აქტივისტები, ვინც სოფლის მეურნეობის თემებზე აქტიურად მუშაობენ, ამბობენ, რომ საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგ კომპანიას განსაკუთრებულ პრივილეგიებს მისცემენ.
ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი 4 000 ფერმერის სახელით ლაპარაკობს. კომპანია ჯიბე არცერთ მათგანს არ დაკავშირებია. ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ფერმერებს პროდუქცია უფუჭდებათ და რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ასევე პრობლემას წარმოადგენს ის რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში ჩასატარებელი ხვნა-თესვის სამუშაოები არსებული რეგულაციების გამო ფერხდება, რაც ნიშნავს რომ ფერმერები მოსავლის გარეშე დარჩებიან. ფერმერთა ასოციაციამ თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და რეგულაციების გადახედვა ურჩია.
ქვემო ქართლისა და კახეთის შემდეგ მომავალ კვირებში მოსავლის დიდ რაოდენობას დასავლეთ საქართველოშიც ელიან.