მარნეულსა და ბოლნისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე მობილიზებულია.
სამართალდამცველები მუნიციპალიტეტების შესასვლელებს აკონტროლებენ.
მუნიციპალიტეტების საკარანტინო რეჟიმზე გადასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა იზღუდება. იხურება ყველა ობიექტი გარდა საკვებითა და მედიკამენტებით ვაჭრობისა. რაიონების შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხევევბისა, როდესაც ადგილობრივებს დასჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მედიკამენტი ან საკვები.
მიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივის დაინფიცირება გახდა, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. საუბარია ქალზე, რომელიც დღეს დღის მეორე ნახევარში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.