მოძრაობის „ქვეყნის სამსახურის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ძალაუფლება ახლა ხალხმა უნდა აიღოს ხელში. მაქარაშვილის თქმით, ივანიშვილს წასასვლელი არსად აქვს გარდა საქართველოსი.
„ერთი რაც ზუსტად ვიცით, ივანიშვილის არც ერთ წინადადებაზე წამსვლელი ვართ. ივანიშვილი თამაშიდან გადის. ძალაუფლება პირდაპირ უნდა აიღოს ხალხმა, კანონის ძალით უნდა მოხდეს ეს. ჩვენ არ ვართ გახარია, რომ ვიღაცას თვალები დავთხაროთ და დავარბიოთ. მძიმე კრიზისია ქვეყანაში. მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში" ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სატელიტად არ მოიაზრება ვცდილობთ ყველაზე კარგი გეგმა შევიმუშავოთ, რომლითაც ამ კრიზისიდან გამოვალთ და გავისტუმრებთ ხელისუფლებას. ჩვენ ვემზადებოდით 2020-ის არჩევნებისთვის. მას წასასვლელი არსად აქვს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს ივანიშვილი და დღეს საქართველო მისთვის ძალიან სახიფათო გახდა," - განაცხადა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.