logo
ENG



მაჭარაშვილი: დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, გაუგებარია, რატომ გაჩნდა ახალი ვარიანტი

19 აპრ 202111:53
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიისთვის საფუძველსმოკლებულია მოლაპარაკებების პროცესში ახალი დოკუმენტის გამოჩენა.

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ქართულმა ოცნებამ უკვე მოაწერა ხელი მედიატორების წარმოდგენილ ერთ დოკუმენტს, ხოლო მეორე და ახალი დოკუმენტის გაჩენა მათთვის გაუგებარია.

„როგორც ცნობილია, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს. რაც შეეხება ახალ ვარიანტს - გაუგებარია, მისი შემოთავაზების საფუძველი რატომ არსებობდა. ჩვენ ცალმხრივად ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს და ველოდებით ოპოზიციიდან პასუხს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთეთ ის, რომ იმ ვარიანტზე ხელის მოწერით დავადასტურეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება.

ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ არც ამ დოკუმენტზე აწერს ხელს ოპოზიცია. ოპოზიციას არ ადარდებს სახელმწიფოებრივი აზროვნება, საზოგადოება, რომელიც არის მომხრე რომ პოზიციაც და ოპოზიციაც იხილოს საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ახალი ვარიანტი საერთოდ არ იყო საჭირო", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა