ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას სპეკულაციურს უწოდებს.
მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის ადვოკატები და ექიმები ამბობენ, რომ პატიმრის მდგომარეობა გაუარესებულია, ანალიზებში კი შემაშფოთებელი ცვლილებები იკვეთება.
"მისი როგორც პატიმრის, მისი ადვოკატებისა და კოლეგების განცხადებები იმის თაობაზე, რომ კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, არის სპეკულაციური. მოშიმშილე ადამიანის, რომელსაც კონკრეტული მოთხოვნა არ გააჩნია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გაუმჯობესდება, გამომდინარერე იქიდან, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს", - თქვა მაჭარაშვილმა პარლამენტში.
რაც შეეხება სახალხო დამცველის შეფასებას მე-18 დაწესებულების კლინიკასთან დაკავშირებით, ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ომბუდსმენი და მისი აპარატი სამედიცინო სფეროს განათლებით "აღჭურვილნი არ არიან".
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.