logo
ENG



მდინარაძე: 41-ე არა, მაგრამ 37-ე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული ფეიკია!

06 ნოე 202112:48
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: 41-ე არა, მაგრამ 37-ე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული ფეიკია!
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე კვლავ იმეორებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა "დადგა". მიუხედავად იმისა, რომ ანალიზები და ექიმები შიმშილის შედეგად სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე მიუთითებენ, მდინარაძე "ტყუილის გამოაშკარავებაზე" საუბრობს.

"რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი "შიმშილობის" ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული ფეიკია!" - წერს მდინარაძე ფეისბუქზე.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარკვეულ ფაფებსა და ნატურალ წვენებს იღებს. როგორც ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სააკაშვილმა თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში კი მათ მიღებაზე უარი განაცხადა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში საკვებს მოიხმარს. 4 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში "ჭამს და სვამ".

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა