logo
ENG



მდინარაძე: რეზოლუციის ტექსტი დაცლილია პოპულისტური, თუ პროვოკაციული რიტორიკისგან

26 იან 202217:12
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მათი შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ნახსენები არაა, "პოპულისტური, თუ პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

იგი, ასევე ამბობს, რომ ოპოზიციასთან ვერ შეჯერდნენ, რადგან "რაღაც დეტალებზე, სიტყვებზეა საუბარი". 

"ეს არის ის საკითხი, სადაც პირველ რიგში, უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან, მათი უფლებების დაცვის ინტერესებიდან, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან, აქედან გამომდინარე, უნდა იყოს შეჯერებული.

ტექსტი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური, თუ პროვოკაციული რიტორიკისგან. ამის დროა აქ ნამდვილად არაა.

ესაა საკითხი, რომელზეც კარგი იქნებოდა შეჯერება. რაღაც დეტალებზე, სიტყვებზეა საუბარი და ამგვარად შეჯერება ვერ მოხერხდა", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ტექსტს მხოლოდ ქართული ოცნების ფრაქცია დააინიცირებს.  

ქართული ოცნება და ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების მიერ შედგენილ უკრაინისადმი მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ ერთობლივ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

***

შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენის მიზნით შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტში რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დღეს ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა შეხვედრისას გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა.

მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოცნებამ შეადგინა, რომელზეც ოპოზიციას "პრინციპული შენიშვნები ჰქონდა". როგორც სამნიძე ამბობს, დოკუმენტში აუცილებლად იქნებოდა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია. თუმცა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ საბოლოო ვარიანტში რუსეთი ნახსენები კვლავ არაა.


close დახურვა