ქართული ოცნების აღმსრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძეს "დასაცავი არაფერი სჭირს" და ეს "მოგონილი პრობლემაა".
მდინარაძის თქმით, "სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც გაება მახეში".
"ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღისწესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს. ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება.
აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის.
სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში", - დაწერა მდინარაძემ.
4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".
მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.
5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.
11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".
სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა დღეს, 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.