ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე "გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას" უწოდებს.
"სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს", - წერს მდინარაძე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.
დაზვერვის სამსახურის განცხადებაში წერია:
"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ამასთან, საქართველოს სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს დირექტივა, არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა".
ამ ინფორმაციას ფორმულას ეთერში ინტერვიუსას გამოეხმაურა უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი. მან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის "მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
"ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.
მე, როგორც ვიცეპრემიერმა, ადამიანმა, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ, როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით,მინდა ვიკითხო, თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?" - თქვა მან.
უკრაინა, ასევე აცხადებს, რომ დღეისთვის ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. სწორედ მისი დახმარებით მიეწოდება ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".