logo
ENG



მდინარაძე ოპოზიციაზე: ფრთხილად იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე

05 მაი 202117:33
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ოპოზიციაზე: ფრთხილად იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული ამნისტიის პროექტი პოლიციელების მიმართ დისკრიმინაციულია.

როგორც ის Facebook-ზე წერს, დოკუმენტი არც იმ შეთანხმებას შეესაბამება, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. 

"ქართველი პოლიციელის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მიუღებელია. წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე - პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი.

ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს!", - წერს მდინარაძე.

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია 29 აპრილს დაარეგისტრირა

მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი შემდეგ მუხლებს მოიცავს: სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მის ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ამ მუხლითაა დაკავებული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

კანონპროექტი ასევე მოიცავს: სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

ასევე, კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი იხილეთ აქ.


close დახურვა