ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნება პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატების, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მხარს დაუჭერს.
მდინარაძემ ეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.
"ფრაქცია ქართული ოცნების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა. თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ათასგვარი სპეკულაცია მოყვა სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ ვინც არ უნდა იყოს, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი იქიდან გამომდინარე, რომ ორივე შემთხვევაში არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც ხალხის ძალამ წარმოადგინა, ამას ვერ შეძლებს იმიტომ, რომ არცერთი შეზღუდვა ხალხის ძალას არ ჩაუწერია კანონპროექტში"- თქვა მდინარაძემ.
მისივე მტკიცებით, რუსულ და ამერიკულ კანონში შეზღუდვებია, "ხალხის ძალის" კანონპროექტში კი მსგავსი "არ არსებობს"
"რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვაგვარი შეზღუდვებია. იქ არის ძალიან მკაცრი ნორმები, ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება იყოს ის, რომ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - უბრალოდ იჭერენ ადამიანებს და ასე შემდეგ, აღარ ვამბობ აუდიტის შესვლის უფლებაზე. ასევე, აშშ-ში მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტია ის, რომ გენერალურ პროკურორს შეუძლია დეკლარაციების წარმოდგენის ვადები შეამციროს, ან გაზარდოს, ან გაათავისუფლოს ან პირიქით შეუზღუდოს და ა.შ. მსგავსი და არათუ მსგავსი შეზღუდვა, როგორც ასეთი ხალხის ძალის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს"- თქვა მდინარაძემ.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ქართული ოცნებისგან კანონპროექტის კრიტიკა არ მოგვისმენია, პირიქით, მის შინაარსს იზიარებენ კიდეც.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".
მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
სახდეპის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ამ კანონპროექტმა საქართველოში, შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიაზე გავლენა იქონიოს.
მისივე თქმით, ხსენებულ საკითხზე წუხილი ქართულ მხარესთან ვაშინგტონმა უკვე გამოხატა.
20 თებერვალს, პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი დაარეგისტრირა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას