logo
ENG



მედვედევის შეფასებით, სომხეთი EU-სთან სიახლოვისთვის ბუნებრივ აირზე იაფ წვდომას დაკარგავს

24 მაი 202622:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/24/20gs5dwxjtll5d3.png

რუსული მედია ციტირებს დიმიტრი მედვედევს და წერს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მედვედევმა,  სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა გააკრიტიკა, და მიანიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრობის საშუალებით ბუნებრივ აირზე მიღებულ იაფფასიან წვდომას დაკარგავს.

"ვინც ორ სკამზე ერთდროულად დაჯდომას ცდილობს, მტკივნეული დაცემის რისკის წინაშე დგას. როგორც ჩანს, სწორედ ამის გაკეთებას აპირებს უახლოეს მომავალში ერთი კაცუნა, მეტსახელად ნიკოლი. ის დაჟინებით მიათრევს თავის სუპერსახელმწიფოს ევროკავშირში და ამავდროულად ცდილობს, ЕАЭС-ში მონაწილეობის ყველა სარგებელი შეინარჩუნოს", - დაწერა საკუთარ არხზე მედვედევმა.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, სომხეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შემთხვევაშიც შეძლებს რუსული გაზის მოქმედი ფასების შენარჩუნებას.

"რუსეთი ვალდებულია თავის მიმავალ ‘პარტნიორს’ შეუნარჩუნოს გაზის ამჟამინდელი ფასი - 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარი" - დაწერა მედვედვმა და აღნიშნა, რომ 2026 წლის მაისში ევროპაში გაზის საბირჟო ფასები 1000 კუბურ მეტრზე 570-590 დოლარის ფარგლებში იყო.

"ყველასთვის ხომ ნათელია, რომ ევროპულ გაზის ფასებზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყნის მოსახლეობა ამ ბიძიას "სველი ტილოთი" გააგდებს პირდაპირ მისი მოსიყვარულე მეგობრის, [საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ] მაკრონისკენ, პარიზში. ამიტომაც უწევს თავხედურად ტრიალი და მცდელობა, ერთდროულად ყველას მოაწონოს თავი. მაგრამ ასე არ ხდება", - თქვა მედვედევმა.

მანამდე, 22 მაისს, ფაშინიანის პოლიტიკა რუსეთის  მიმართ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა არამეგობრულად შეაფასა.

"სახელმწიფო დუმის დეპუტატების აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი რუსეთის ფედერაციის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს და ცინიკურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს. ეს უპატიოსნობაა. ეს ყველაფერი, როგორც ადრე უკვე მითქვამს, უკრაინის მაგალითზეც ვიხილეთ", - დაწერა ვოლოდინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს გაზს საკუთარი ზარალის ხარჯზე აწვდის.

აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნება როგორც საბაჟო კავშირში ევროკავშირთან, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС).

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა, აპრილის დასაწყისში არ გამორიცხა სომხეთის გასვლა ОДКБ-დან (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) და ЕАЭС-დან (ევრაზიული ეკონომიკური კავშირი) იმ შემთხვევაში, თუ რუსული გაზის ფასი გაიზრდება.


close დახურვა