კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აჭარის მაუწყებელში კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო.
„ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, თვალს ვადევნებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებს და მიგვაჩნია, რომ კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო.
დღეს, 2020 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა.
როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ საკუთარ ვებ გვერდზე მაუწყებლის თანამშრომლებისათვის სოციალური ქსელში პოზიციონირების წესები გუშინ, 20 აპრილს განათავსა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე გთავაზობთ: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის თეო თურმანიძის ფეისბუქის პოსტს, სადაც ის აცხადებს, რომ ეთერიდან მოხსნეს.
„მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს.
ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება.
ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ.
მერე ვნახოთ“, - წერს თურმანიძე.