logo
ENG



მედუზას წყარო: კრემლი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მობილიზაციას განიხილავს

24 სექ 202223:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/24/l9xhdlyy3vj14e2.jpg

რუსული გამოცემა მედუზა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოქალაქეების მობილიზაციაზე ფიქროს. მათი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

გამოცემის ცნობით, წყარო ამბობს, რომ ამ რეგიონებიდან, შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო და დღესაც გრძელდება. პოლიციამ აქციებზე უკვე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისებს გადასცემენ. ამასთან, იმართება შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებიან.


close დახურვა