მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის, საქორწინო და სარიტუალო ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდნენ.
მეზვრიშვილის განმარტებით, ასეთ ადამიანებს ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწოდებენ. მისივე თქმით, მთავრობას არ სურს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კანონდარღვევად აღიქმება.
"ამაზე მუშაობს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ერთი მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საჭირო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ, ზიანი აუნაზღაურდეთ და მეორე მხრივ გვაქვს არჩევნები და არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ 31 ოქტომბრამდე, იურიდიულად წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, რომ ეს აღქმული იქნას კანონის დარღვევად. ამ ბალანსის დაცვას ვცდილობთ. თუმცა ამაზე ვმუშაობთ და ამ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში.
ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა მატულობს. წარმოიქმნა რამდენიმე ახალი კლასტერი. 24 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა.