თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო სხდომა დაიწყო.
მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
სხდომის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მას და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულოებად ცნობს, რადგან მათ მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია.
მისივე თქმით, დაცვის მხარს პროკურატურის მიერ პუნქტობრივად წაყენებულ ყველა ბრალდებაზე პასუხი აქვს.
„რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ მაგ ბრალდებაში. შესაბამისად, არ ვიცი როგორ გასტანს სასამართლო, თავის წესი და რიგი აქვს, შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით და მე მგონი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წარდგენილი გვაქვს. პუნქტობრივად აქვთ ჩამოთვლილი რაღაც ბრალდებები, ყველა ბრალდება მიგვაჩნია, რომ არის აბსურდული, არარსებული ბრალდება. სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი დიდი ხანია იმისი მაქვს, რომ, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თავიდანვე ბრალდება მიმაჩნდა უსაფუძვლოდ, ახლაც ასეა, თუმცა იცით, რომ ციხეშიც ვიყავით და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება ადრე თუ გვიან ყველაფერს,“- თქვა ივერი მელაშვილმა.
დღეს პროკურატურა მოითხოვს, არ დაუშვას მტკიცებულებად დაცვის მხარის დაკვეთით საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა.
2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.
1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.
ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.