logo
ENG



მელია: თვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია

22 მაი 202100:16
3 წუთის საკითხავი
 
მელია: თვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია
ფოტო: ვახო ქარელი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა, სადაც ის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. 

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით განცხადებას თვის ბოლოსთვის გააკეთებს. პოლიტიკოსის თქმით, მისი შეხვედრები კოლეგებთან გაგრძელდება და ის რეგიონებში ჩასვლასაც გეგმავს. 

"მგონი სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე 3 დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას. ეს იქნებოდა ძალიან არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან...ახლაც კი, დღეს მაქვს შეხვედრა კოლეგებთან, ხვალ გაგრძელდება, ზეგიდან რეგიონებში გავდივართ და თვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში 16 მაისს გაფრინდა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჯერაც არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა პარლამენტში. პარტიაში კონსულტაციები გრძელდება. 

განხილვის საგანია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა. 

ენმ-ის წევრების ნაწილი მომხრეა, შევიდეს პარლამენტში ისე, რომ ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. 

მეორე ნაწილი კი როგორც შეთნხმების ხელმოწერას, ისე პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათ არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარეს. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებდა. 

პარტიის თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების დაწესებულება, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე, 10 მაისს დატოვა. 

შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს 19 აპრილს ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა. ხელმომწერი ოპოზიციონერები პარლამენტშიც შევიდნენ. 

შარლ მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ დატოვა.


close დახურვა