„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა მისასალმებელია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პირობა შეასრულოს.
მელიამ პოლიტპატიმრების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების გათავისუფლება ვითარების ნორმალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია და ამ პირობის შესრულების გარეშე, ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
„მესმის ხელისუფლების, ისინი რატომღაც მცდარად ფიქრობენ, რომ ეს შეთანხმება მათთვის არის დამაზიანებელი მათი მხარდამჭერების თვალში, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ცდილობენ, საჯაროდ წარმოაჩინონ ვითარება სხვაგვარად, თითქოს ელჩების მონაწილეობით შეხვედრებზე არ ყოფილა იმაზე საუბარი, რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის ირაკლი ოქრუაშილის, გიგი უგუალვას, გიორიგ რურუასი და ბესიკ თამლიანის. ასე რომ, მე მესმის „ქართული ოცნების“ სპიკერების, რომლებიც იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ ხალხს უთხრან, რომ იქ სხვა რამეზე ვსაუბრობდით. როგორ იქნება შესაძლებელი ვითარების ნორმალიზება თუ პოლიტიკური დევნა არ შეჩერდება და პოლიპატიმრები არ გათავისუფლდებიან. ბუნებრივია, თუ ეს კომპონენტი არ იქნება შესრულებული, საარჩევნო სისტემა როგორც ასეთი ვერ მიიღებს იმ სახეს, რომელიც გვინდა რომ იქნეს მიღებული. მხარს ასეთ შემთხვევაში არ დავუჭერთ. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ შეთნახმება შესრულდეს. თუ შეთანხმება შესრულდება, ვითარება ნორმალიზდება და ნორმალური საარჩევნო კამპანია გვექნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ, ოპოზიცია კვლავ „ლეიბორისტულ პარტიაში“ იკრიბება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა სტრატეგიით გააგრძელებენ ხელისუფლების ოპონენტები არჩევნებისთვის მზადებას.