logo
ENG



მელია: ივანიშვილი არის პოლიტიკურად გაბანკროტებული

24 ნოე 201917:27
3 წუთის საკითხავი
 
4hf6hxnebz4hxsp.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა უკვე დასრულდა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, საჯარო დაწესებულებების მშვიდობიანი პიკეტირება და პროტესტი მოთხოვნების შესრულებამდე - ასეთი ოპოზიციის სამოქმედო სქემა.

„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება იძულებული არ იქნება, თვალი გაუსწოროს იმ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მან საკუთარი ტყუილით შექმნა და გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისის განსამუხტად. ამიტომ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გაგრძელდება. რამდენჯერაც დაშლის პოლიცია მშვიდობიან აქციას, იმდენჯერ დაშალოს. უკეთ დაინახავს ჩვენი საზოგადოება, რა ტიპის სახელმწიფომდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს ნდობა. 

„ეს პროცესი იქნება განგრძობადი მანამ, სანამ ივანიშვილი არ წამოვა დათმობაზე. ივანიშვილი არის პოლიტიკურად გაბანკროტებული, მას არ აქვს ნდობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ წნეხი და პრესინგი გაგრძელდეს მის რეჟიმზე“, - ამბობს ნიკა მელია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის მთავარია სამართლიანი არჩევნები და ამის გარანტიას იძლევა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„იქნება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების დღე, გვექნება პიკეტირება. აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, სადაც თითოეული ადამიანი არის დაფასებული და თითოეულ ადამიანს ექცევა ყურადღება“, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

ნინო ბურჯანაძის აზრით, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთი გართხილება უნდა იყოს ხელისუფლებისთვის.

„ხელისუფლებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული გაფრთხილება. განწყობა არის ისეთი, რომ უკან დახევას არავინ არ აპირებს და არავინ არ აპირებს პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე. 

შეკრებას ესწრებოდა „გირჩიც“. ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს პროპორციული წესით, მას არ უნდა ჩაჰბარდეს ძალოვანი სტრუქტურები და ამის გარანტია უნდა მიიღოს როგორც საზოგადოებამ, ისე პოლიტიკურმა სპექტრმა. 

„მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაიდოს გარანტიები, რომ თოფიანი ხალხი, პროკურატურა, სუს, შსს არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ. მთავარი, რაც აფრთხობს ჯერ კიდევ ადამიანებს, არის ეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის კონტროლქვეშ შეიძლება აღმოჩდნენ ისევ თოფიანი ადამიანები და ამისი ადამიანებს ეშინიათ“, - აცხადებს ზურა ჯაფარიძე. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ,  რომ ამაზე საუბარია ჯერ ნაადრევია, თუმცა ძალოვანი სტრუქტურები უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.

ოპოზიციის ლიდერები ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრა 11 საათზეა დანიშნული.

 


close დახურვა