logo
ENG



მელია: ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო, მკვლელობის მცდელობა არავის შერჩება

14 დეკ 202211:47
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო, მკვლელობის მცდელობა არავის შერჩება
გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს".

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ან მისთვის სიცოცხლის მოსპობას, ეს ხომ ასეთი პროცესი, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პროცესი, სადაც უნდა გაირჩეს მტყუან-მართალი, არის საკითხი სხვაგვარად დაყენებული, ადამიანი უნდა გადარჩეს, თუ ადამიანი უნდა მოკვდეს. ყოფნა-არ ყოფნის საკითხია და ეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც თითქოს ვერ გვარდება, რა თქმა უნდა, არის წინასწარ განზრახული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან და არაფერი გასაკვირი, როგორც ჩანს არ არის.

დეპუტატების და ქართული ოცნების, მათი მინისტრებისგან ვიხილეთ გუშინ იუსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლობა განცხადება, ვიხილეთ მათი გუნდის წევრების განცხადებები პარლამენტში, სადაც პირდაპირ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილს უსურვებენ და არც მალავენ. ადვილად პროგნოზირებადია, რას ფიქრობენ სხვები, ქართული ოცნების დეპუტატების რიგებში, იმავეს, უსურვებენ მიხეილ სააკაშვილს სიკვდილს. ამიტომ, ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ, ადეკვატური იქნება საზოგადოების რეაქცია ყველა ამ ამორალურ, არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში", - ამბობს მელია. 

მელია ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს უუნარო და სახელმწიფოს მიადგეს ზიანი. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა მარტივად არავის შერჩება. 

"ყველაფერს აქვს საზღვარი, ადამიანის სიცოცხლე არის სერიოზული რისკის ქვეშ. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მინიმუმ მიხეილ სააკაშვილი გახდეს უუნარო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს დიდი, მტკივნეული დარტყმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, მარტივად, არავის შერჩება, მაგრამ აქ არ გვაინტერესებს დაისჯება ხვალ ან ზეგ კონკრეტული თანამდებობის პირი ან ბიძინა ივანიშვილი მომავალში, ზუსტად ვიცით, რომ სახელმწიფოს დაწევს უკან მრავალი წლით", - თქვა მელიამ.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ მისცა.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს.

ბრეგაძე ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.

 


close დახურვა