logo
ENG



მელია ქართველი ჯარისკაცის საქმეზე: ეს რუსული ოცნების ღალატი და სამშობლოს გაყიდვაა

09 აგვ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების ხელში ჩავარდნილი ინფორმაცია ქართველი სამხედროს შესახებ მმართველი პარტიის მიერ ღალატის მტკიცებულებაა. 

ნიკა მელია ეხმაურება რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ რუსებს ხელთ აქვთ ქართველი ჯარისკაცის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივიდან. თავად ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ამბობს, რომ თავისი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გაუტანია და დოკუმენტები უწყებაში უნდა ყოფილიყო დაცული.

ნიკა მელიას შეფასებით: 

"უსამშობლო, კოლაბირაციონისტების, კაპიტულანტების ხელისუფლება ყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით. აბარებს მათ ოკუპანტ რუსებს. ეს ბრალდება აღარ არის, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. 

სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეებში, რომელიც უნდა გვახსენებდეს, რა გმირობებმა მოიყვანა ქვეყანა დღემდე, ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და ახლა იბრძვიან უკრაინაში. 

ეს უმძიმესი ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ეს არის რუსული ოცნების მიერ სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა"

თავდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის საქმე რუსი აგრესორების ხელში. 


close დახურვა