logo
ENG



მელიას თქმით, პარლამენტში ყოფნის საკითხი სააკაშვილზე გადაწყვეტილებით უნდა გადაწყდეს

14 დეკ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
მელიას თქმით, პარლამენტში ყოფნის საკითხი სააკაშვილზე გადაწყვეტილებით უნდა გადაწყდეს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ყოფნის საკითხი იმის მიხედვით უნდა გადაწყვიტონ, გამოუტანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენს". ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"პირდაპირ გეუბნებით, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მინიმუმ, გახდეს უუნარო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს ძალიან დიდი, მტკივნეული დარტყმა და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა მარტივად და არავის არ შერჩება.

დეპუტატებმა ოპოზიციიდან პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს, თუ არ გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს", - განაცხადა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა - მიხეილ სააკაშვილს დღეს სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა და თქვა, რომ უწყება ამ "შესაძლებლობას" მოკლებული იყო.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში სააკაშვილის დისტანციურად ჩასართავად ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე ჩასართავად მზად იყო.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.


close დახურვა