"ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ", - ასე პასუხობს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომელაც განაცხადა, რომ თითქოს ენმ-ს მობილიზებული ჰყავს ეკიპაჟები ელექტროშოკით და ხელკეტებით.
"ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს", - წერს ნიკა მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში.
"პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბრის ბრიფინგზე.
ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგები ინტენსიურად იმართება, მათი თემა კი, მათივე მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის მიერ არეულობის მოწყობის გეგმებია.